სამოქმედო გეგმა

ელექტრონული პეტიციების პორტალი - ICHANGE.GOV.GE

მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმის - www.ichange.gov.ge შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო და პროცესი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებშიც განაგრძო. 

ღია მმართველობის პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად, პორტალი შეიქმნა რათა გაუმჯობესებულიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. 

პორტალის კონცეფციის შემუშავება დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამთავრობო უწყებების (მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის სამინისტრო, სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო), ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ონლაინ პეტიციების პორტალი 2017 წლიდან ამოქმედდა. ელექტრონული პეტიციების წარსადგენად პორტალის შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესები და პირობები კი საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 18 მაისს N245 დადგენილებით დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილებით, ასევე, განისაზღვრა მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ელექტრონული კომუნიკაციის შემდეგი სტანდარტები: 

  • ანგარიშვალდებულება
  • სიცხადე
  • გამჭვირვალობა
  • ნდობა
  • დროული რეაგირება
მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული პეტიციის ინიცირებისა და მასზე ხელმოწერის უფლება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს აქვს, მას შემდეგ, რაც ის პორტალზე დარეგისტრირდება. ელექტრონული პეტიცია ichange.gov.ge-ზე გამოქვეყნება შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  • მოთხოვნა მკაფიოდ არის ფორმულირებული
  • საკითხი საქართველოს მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნება
  • არ მომხდარა მისი განხილვა სხვა პეტიციით
  • ტექსტი წარმოდგენილია სახელმწიფო ენაზე
  • პეტიცია ინიცირებულია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ
პეტიციის დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმებისა და პეტიციის პორტალზე გამოქვეყნების შემდეგ, სავალდებულოა, პეტიციამ 30 კალენდარული დღის ვადაში მოაგროვოს 5 000 ხელმოწერა, რათა მიეცეს შემდგომი მსვლელობა. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პეტიციის განსახილველად საჭირო იყო 10 000 ხელმოწერის შეგროვება, რაც მოქალაქეებისთვის რთული აღმოჩნდა 30-დღიანი ლიმიტის ფარგლებში. პორტალის არსებობის განმავლობაში მხოლოდ ერთმა პეტიციამ შეძლო 10 000 ხელმოწერის შეგროვება, რაც ასევე ცხადად მიუთითებდა პროცესის სირთულეზე. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 27 აგვისტოს N540 დადგენილებით, პეტიციის მხარდაჭერისთვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობა გაანახევრა. ცვლილება 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

მას შემდეგ რაც პეტიცია დააგროვებს საჭირო ხელმოწერების რაოდენობას, იგი სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ განიხილება. კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიციის განხილვა შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს მთავრობის სხდომაზეც. 

პორტალზე ინიცირებული პეტიციები თემატურადაა გადანაწილებული შემდეგ კატეგორიებში: 

  • რეგიონალური განვითარება
  • მეცნიერება
  • სოციალური საკითხები
  • განათლება
  • ენერგეტიკა
  • საგარეო პოლიტიკა
  • უსაფრთხოება
  • ფინანსები
  • ეკონომიკა
  • სპორტი
  • ინოვაციები
  • ჯანდაცვა
  • გარემოს დაცვა და
  • კულტურა
პორტალზე ინიცირებულ პეტიციებს შორისაა პეტიცია „კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, რომელმაც 2019 წელს 10 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა, რის შემდეგაც ის ექსპერტთა კომისიამ განიხილა და შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს მიმართა.
facebook icon twitter icon linkedin icon